აპოკალიფსი არ იქნება

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაოფიციალური პოსტერი, მომზადებული კ/თ Cavea-ს მიერ.

"აპოკალიფსი არ იქნება" — ერმალო მაღრაძის 2015 წლის ფილმი. მოუწოდებს მაყურებელს, აკეთოს სიკეთე.

პერსონაჟები[რედაქტირება]

  • აკაკი - მთავარი გმირი. სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი, მორწმუნე. მოულოდნელად ხდება მომაკვდავი მილიარდერის ქონების მფლობელი.
  • პროფესორი - რეზო ესაძის შესრულებით. აკაკის ფსიქოლოგიური მენტორი. დაჟინებით ურჩევს აკაკის, პოლიტიკაში არ ჩაერიოს.
  • ბუბა - ბუბა ხოტივარის შესრულებით. აკაკის რჩევით, ხდება პროდიუსერი.
  • ხათუნა - მეძავი. სთავაზობს აკაკის გართობას, მაგრამ უარს მიიღებს.
  • ნანა - მებაღე ქალი.
  • გია - სევდიანი მამაკაცი.

შექმნა[რედაქტირება]

სხვა პოსტერი.

2015 წლის იანვარში პირველად გახდა ცნობილი ფილმის შესახებ. ერმალო მაღრაძემ თავად დაწერა Facebook-ზე სიუჟეტის შესახებ. მოგვიანებით ტვ "არგოს" ეთერში გავიდა სიუჟეტი გადაღებების დაწყების შესახებ, რომელშიც რეჟისორი ესაუბრებოდა მსახიობს, ზურა აბესაძეს (ზურას როლი ფილმში "გზააბნეულნი"). დაგეგმილი იყო, რომ მთავარ როლს სწორედ ზურა შეასრულებდა.

მოგვიანებით, ცვლილებების შედეგად მთავარი როლი მიიღო დავით კამკამიძემ, რომელმაც სახელი გაითქვა წინა ფილმითაც. ამ ფილმისთვის მას ულვაშები და გრძელი თმა მოაცილეს, თუმცა მავანი თვლის, რომ მან მაინც არ დაკარგა შარმი. ივნისში გამოქვეყნდა ვიდეო ფილმის გადაღებებიდან, კერძოდ - ამირან დოლიძის სცენით. ივლისში გამოვიდა პირველი ტრეილერი, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე სხვა, ფილმის ნაწყვეტებით.

ფილმზე მუშაობა (მონტაჟითურთ) დასრულდა ოქტომბერში. 30 ოქტომბერს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მისი პრემიერა გაიმართა. თბილისური პრემიერა დაიგეგმა 12 ნოემბრისთვის.

პრემიერა და წარმატება[რედაქტირება]

12 ნოემბრის 6 საათისთვის თბილისში, კინოს სახლთან, შეიკრიბა მოყვარულთა აურაცხელი რაოდენობა. რეჟისორს ჩვენებაზე დააგვიანდა რამდენიმე საათით. მიუხედავად ამისა, არავინ წასულა და, ცუდი ამინდის პირობების გათვალისწინებით, ბოლომდე ელოდა მას. საბოლოოდ რეჟისორი შეძახილებით შეაცილეს დარბაზში, თუმცა ბევრი მსურველი ფილმს ვერ დაესწრო გადატენილი სივრცის გამო. ამასთან, მრავალი ფეხზე იდგა - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ფილმის ჩვენების შემდეგ შეზღუდული რაოდენობის მაყურებლებთან გაიმართა დისკუსია, რასაც მოჰყვა შენობის გარეთ ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა. რეჟისორი გაოგნებული იყო ასეთი რეაქციით მის გამოჩენაზე,

თუმცა ამ ფაქტმა სტიმული მისცა და მცირე ხანში ერმალო მაღრაძემ დაიწყო ფილმის DVD-R ტიპის დისკებზე ჩაწერა და თბილისელ მაყურებლებში გავრცელება. შეიმუშავა რა მანამდე არნახული ტაქტიკა: დისკზე დაურთო თავისი ავტოგრაფი და თითოს 7 ლარად ჰყიდდა. საბოლოო ჯამში, ყველა მსურველმა ფილმის დისკი შეიძინა, თუმცა პირველივე ასლებიდან ინტერნეტისთვის დაიჭრა ესა თუ ის მონაკვეთი, რამაც სრული აჟიოტაჟი გამოიწვია. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მონაკვეთი, რომელშიც მთავარი პერსონაჟი, აკაკი, მეძავს მანქანაში ეპატიჟება (სუტენიორის ზეწოლით), მასთან სახლში მიდის, გადასცემს ფულად თანხას, მოგვიანებით კი უბრუნდება სუტენიორს და გადასცემს 100 000 000 (ას მილიონ) აშშ დოლარს - შოკოლადის ქარხნის ასაშენებლად, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება სუტენიორის, ამირან დოლიძის გაოგნება. 2017 წლის 9 მაისისთვის ფილმის ნაწყვეტები განთავსებულია YouTube-ზე და მრავალი ათასი ნახვა აქვთ, თუმცა Facebook-ზე გავრცელებული ასლების ჯამური ნახვების რაოდენობა მრავალ ასეულ ათასს აღემატება. ფილმი ოფიციალურად არის გამოქვეყნებული MyVideo.ge-ზე, რეჟისორის პირად გვერდზე და ასევე მრავალჯერ არის ნანახი.

ნაკადულები[რედაქტირება]